რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დონეცკში რუსეთის თავდასხმამ წითელი ჯვრის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სატვირთო მანქანა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შემდეგ, 2024 წლის 12 სექტემბერი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ოლქში მდებარე სოფელ ვიროლიუბივკის დაბომბვამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სამი თანამშრომელი იმსხვერპლა. სამივე მათგანი უკრაინელია. დაჭრილია კიდევ ორი პირი.

"რუსეთის ომის კიდევ ერთი დანაშაული. დღეს ოკუპანტი თავს დაესხა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარული მისიის მანქანებს დონეცკის ოლქში". - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

თავდასხმას გამოეხმაურა ICRC-ის პრეზიდენტი, მირიანა სპოლიარიჩი და მომხდარი დაგმო.

"უმკაცრესად ვგმობ წითელი ჯვრის პერსონალზე თავდასხმას. ყოველგვარ ზღვარს სცდება, როდესაც თავდასხმის ობიექტი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი ხდება". - თქვა მან და დასძინა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გუნდები დონეცკის რეგიონში რეგულარულად შედიან და მათი მანქანები წითელი ჯვრის ემბლემითაა აღნიშნული.

დონეცკის ოლქი, რომელიც რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია, რეგულარულად ექცევა რუსული დაბომბვისა და საჰაერო დარტყმების ქვეშ.

კომენტარები