მოლდოვა

მოლდოვის პოლიციამ პრორუსული პარტიების ოფისები გაჩხრიკა

მოლდოვის პოლიცია
esp.md

მოლდოველმა სამართალდამცავებმა 9 სექტემბერს პრორუსული პარტიების ოფისები გაჩხრიკა.

გამოძიების ფარგლებში პოლიტიკური პარტიების უცხო ქვეყნიდან შესაძლო ფინანსირების ფაქტზე საქმეა აღძრული.

საქმეში მოლდოვაში ძებნილი პრორუსი მილიარდერის და პოლიტიკოსის, ილან შორის სახელი და მასთან აფილირებული პრორუსული პარტიები ფიგურირებს.

"ილან შორთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლების საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება დიდი ოდენობით რუბლის გადმორიცხვები რუსული პრომსვიაზბანკიდან, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება". – ამბობენ პოლიციაში.

პოლიციის მონაცემებით გადარიცხვების ოდენობა 10 000-დან 155 000 რუბლამდე მერყეობს. 

ოფისების ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ამოიღეს ე.წ. შავი ჩანაწერები, მობილური ტელეფონები და სხვა გამოძიებისთვის აუცილებელი ნივთები.

ილან შორი რუსეთში გაქცეული მილიარდერი და პოლიტიკოსია, რომელსაც მოლდოვაში დიდი ოდენობით ფულის მოპარვა ედება ბრალად. შორი და მისი პარტია შანსი ღიად მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას და მოლდოვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგია. შანსის გარდა შორთან კავშირშია სხვა ნაკლებად რეიტინგული პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ადმინისტრაცია.

კომენტარები