რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების იერიშის შესახებ.
მოსკოვის ოლქში, რამენის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. დაზიანდა 102-დან 54 ბინა.
მოგვიანებით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა თქვა, რომ რამენში დრონი კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. დაზიანდა ერთი ბინა, არიან დაშავებულები.
რამენის ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანება მიიღო მესამე კორპუსმაც, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.
ღამის იერიშში მოყვა ასევე მოსკოვის ოლქის აეროპორტი ჟუკოვსკი. იერიშის გამო დროებით შეაჩერეს მუშაობა ასევე ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა.
ვორობიოვის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები პოდოლსკის, ლიუბერცის, დომოდედოვოსა და კოლომნეს რაიონებში ჩამოაგდეს.
რუსული მხარის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის 9 რეგიონზე 144 დრონით მიიტანა იერიში. უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოგდებულია ბრიანსკის, ბელგოროდის, კურსკის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ორლოვის, კალუჟისა და ტულის ოლქებში.
უკრაინულ მხარეს ოფიცალური კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.





