9 სექტემბერს იორდანიისა და დასავლეთ სანაპიროს შორის სასაზღვრო პუნქტში სამი ისრაელელი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი იორდანიის მხრიდან სატვირთო მანქანით ალენბის ხიდს მიუახლოვდა და ისრაელის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.
უშიშროების თანამშრომლებმა შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახერხეს. ხოლო იორდანიის წარმომადგენლების თქმით, შესაბამისი სამსახურები ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს იძიებენ.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედია AFP-სთან საუბრისას თქვეს, რომ დაღუპულები დაცვის თანამშრომლები იყვნენ.
ამ დროისთვის სასაზღვრო პუნქტი ორივე მხრიდანაა დაკეტილი. ამას გარდა, ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ისრაელისა და იორდანიის დამაკავშირებელი ყველა სახმელეთო გადასასვლელი დაიკეტა.
ალენბის ხიდის გადასასვლელი, ასევე ცნობილი როგორც მეფე ჰუსეინის ხიდი, ამანსა და იერუსალიმს შორის მდებარეობს და ერთადერთი ოფიციალური გადასასვლელია დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიას შორის. ის ასევე ერთადერთი შესასვლელი პუნქტია დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე არ გადის.





