აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დიკ ჩეინიმ 6 სექტემბერს თქვა, რომ ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას დემოკრატების კანდიდატს, კამალა ჰარისს მისცემს. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს "ძალაუფლება აღარასდროს უნდა ანდონ".
"ჩვენი ერის 248-წლიან ისტორიაში არასდროს ყოფილა ისეთი პიროვნება, რომელიც დონალდ ტრამპზე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი რესპუბლიკისთვის. ის ცდილობდა მოეპარა გასული არჩევნები ტყუილისა და ძალადობის გამოყენებით, რათა თავი შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა მას უარი უთხრა. მას აღარასოდეს უნდა ვანდოთ ძალაუფლება. [...]
როგორც მოქალაქეებს, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს მოვალეობა, დავაყენოთ ქვეყანა პარტიულობაზე მაღლა, რათა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია. ამიტომ ხმას მივცემ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს". - აღნიშნა ჩეინიმ.
6 სექტემბერსვე დონალდ ტრამპი გააკრიტიკა დიკ ჩეინის შვილმა, ვაიომინგიდან ყოფილმა კონგრესმენმა, ლიზ ჩეინიმაც და მას და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს, ჯეი დი ვენსს "მიზოგინი ღორები" უწოდა.
"ყველა რესპუბლიკელმა, ვინც მათ აძლევს ხმას, უნდა იფიქროს იმაზე, რა ძალას აძლევენ შესაძლებლობებს, რას აძლიერებენ და უნდა იფიქროს იმ საშიშროებაზე, რომ ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუ მას ეთანხმებიან და რომლებიც კონსტიტუციისთვის გვერდის ავლაზეც თანახმა არიან". - თქვა მან.
ჩეინების კომენტარებს თავის სოციალურ ქსელ Trump Social-ში გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და მათ უწოდა პოლიტიკოსები, რომლებიც "მხოლოდ სახელით არიან რესპუბლიკელები.
დიკ ჩეინის მხარდაჭერის მიღების შემდეგ, კამალა ჰარისის კომენტარი გაავრცელა მისი კამპანიის ხელმძღვანელმა, ჯენ ო'მალი დილონმა. განცხადების მიხედვით, ვიცეპრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჩეინის მხარდაჭერით ამაყია და პატივს სცემს მის გამბედაობას, ქვეყანა პარტიაზე წინ დააყენოს.





