თბილისის მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციას იწყებს. კახა კალაძის თქმით, პროექტი სრულად 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
"ვერის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, რომლის ფარგლებში, 2 საბავშვო მოედანი მოეწყობა - 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აგრეთვე, ძაღლების სასეირნო სივრცე მოეწყობა, რომელიც დამოუკიდებლად იქნება, რათა დამსვენებელი არ შეწუხდეს. გარდა ამისა, გაკეთდება: გარე განათების სისტემა; საფეხმავლო ბილიკები; შადრევანი; სასმელი წყლის სოკოები; საპარკე ავეჯი; ფანჩატური; სპორტული მოედანი; საფეხბურთო მოედანი; ბელვედერი და ადმინისტრაციული შენობა. აგრეთვე, გაკეთდება და მოწესრიგდება ბაღის სანიაღვრე და სარწყავი სისტემები. ყველა ინფრასტრუქტურას, მათ შორის გაზისა და წყლის მილებს მიწის ქვეშ ჩავიტანთ. ბაღში არსებული ხე-მცენარეები შენარჩუნდება და ახალი გამწვანებული სივრცეებიც შეემატება [...] ვერის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება". - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, მისი ძირეულად შეცვლა არ იგეგმება.
"პარკს განახლება და მოწესრიგება სჭირდება. ვერის ბაღი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსითაა დაცული და მისი ძირეული გარდაქმნა და შეცვლა არ იგეგმება. ამ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას მიექცევა. ასევე, ახალი გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრირებას". - თქვა თბილისის მერმა.





