ბორჯომის ტყე

ბორჯომში ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან 4 ვერტმფრენი ჩაერთო – შსს

ფოტო: ტელეკომპანია ბორჯომი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო. 

"მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება.

ცეცხლი ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩნდა. 

კომენტარები