სომხეთი

სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგური მეხის დაცემის გამო ავარიულად გამოირთო

მეწამორის ატომური ელექტროსადგური
Jan Woitas/dpa

სომხეთის მთავრობის ცნობით, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გამომუშავება პარასკევს, 30 აგვისტოს, გვიან ღამით, მეხის დაცემის გამო დროებით შეჩერდა.

ქვეყნის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, სონა ჰარუთუნიანმა თქვა, რომ მეხის დაცემამ სადგურის ავტომატური უსაფრთხოების სისტემების რეაქტორი "უსაფრთხო გაჩერების რეჟიმზე" გადაიყვანა.

"უსაფრთხოების სისტემები ძალიან მგრძნობიარეა და რეაგირებენ ნებისმიერ სიტუაციაზე. ამ დროისთვის [მეწამორის] პერსონალი ცდილობს სადგურის ხელახალ ამუშავებას. [...]". - აღნიშნა მან.

ჰარუთუნიანის თქმით, ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა დაახლოებით 22:00 საათზე შეაჩერა. ერევანსა და მიმდებარე რაიონებში ამ დროს ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სადგურის გაჩერებამ ზოგიერთ რეგიონში, ისევე, როგორც დედაქალაქის ნაწილში, ელექტროენერგიის ხანმოკლე შეწყვეტა გამოიწვია.

მეწამორის ერთადერთი მოქმედი რეაქტორი, რომელიც სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 40 პროცენტს გამოიმუშავებს, ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა და თავდაპირველი გეგმით, მისი მუშაობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.

ქვეყნის ყოფილმა მთავრობამ, უსაფრთხოების შესახებ დასავლეთის შეშფოთების მიუხედავად, 420 მეგავატიანი რეაქტორის მუშაობა ათი წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

სომხეთის ამჟამინდელმა მთავრობამ რეაქტორის მოქმედების ვადა კიდევ ათი წლით გაახანგრძლივა და პირობა დადო, რომ 2036 წლისთვის მეწამორში ახალი რეაქტორი აშენდება.

კომენტარები