საფრანგეთის პოლიციამ დაკავებული რუსი ბიზნესმენი და Telegram-ის დამფუძნებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა და სასამართლოს გადასცა. როგორც პროკურატურამ CNN-თან განაცხადა, სასამართლოში დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე სავარაუდოდ მისი საბრალდებო ოქმი შედგება.
გამოცემა AFP-ის ცნობით, ფრანგი გამომძიებლების მიერ დუროვის 4-დღიანი დაკითხვის შემდეგ იგი სასამართლოს გადასცეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზომებს მიიღებს.
პარიზის საგამომძიებლო მაგისტრატი მოსამართლე ახლა გადაწყვეტს, დასდოს თუ არა ბრალი დუროვს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი გათავისუფლების ან წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი.
26 აგვისტოს საფრანგეთის პოლიციამ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავა და მას 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, უკვე 27 აგვისტოს პარიზის პროკურატურამ დაკავებულ რუს ბიზნესმენ პაველ დუროვს ოფიციალურად ბრალი წაუყენა. მესენჯერ Telegram-ის მფლობელისა და შემქმნელის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს.
როგორც ფრანგული მედია წერს, ბიზნესმენის დაკავების მიზეზი Telegram-ის სერვისები გახდა, რომლებიც კავშირშია ნარკოტიკების რეალიზაციასთან, პედოფილური მასალის გავრცელებასთან და თაღლითობასთან. დუროვმა მესენჯერის ბაზიდან დანაშაულის დამამტკიცებელი შესაბამისი მასალების წარდგენაზე უარი თქვა.
დუროვისა და მისი ძმის მიერ შექმნილი აპლიკაცია Telegram ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. პროდუქტი ცდილობს, თავი ყველაზე დაცულ მესენჯერად წარმოაჩინოს, რომლის მონაცემთა ბაზებთან წვდომა არავის აქვს. გარდა ამისა, სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Telegram არ ეწევა მომხმარებელთა მონაცემების კომერციულ ექსპლუატაციას. კომპანიამ პირობა დადო, რომ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას არასდროს გასცემს.
2023 წლის ინტერვიუში დუროვმა თქვა, რომ დაცული მესენჯერის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში მიმოწერის შემდეგ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა.
დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, გამომგონებლის თქმით, მიზეზი რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლა გახდა, რომლებიც მას ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების გადმოცემას სთხოვდნენ. მოგვიანებით ბიზნესმენმა ჯერ გაერთიანებული არაბთა საემიროების, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.





