Telegram

მედია: რუს მაღალჩინოსნებს TELEGRAM-ის სამსახურეობრივი მიმოწერების წაშლა უბრძანეს

RBC

რუსული მედია Baza წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაღალჩინოსნებმა მესენჯერ Telegram-ის სამსახურეობრივი მიმოწერის წაშლის განკარგულება მიიღეს. 

წყაროს ცნობით, ბრძანება რუსეთის მთავრობის წევრებმა, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს.


25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პარიზის აეროპორტში Telegram-ის შემქმნელი, რუსი მილიონერი პაველ დუროვი დააკავეს.

როგორც ფრანგული მედია წერს, ბიზნესმენის დაკავების მიზეზი Telegram-ის სერვისები გახდა, რომლებიც კავშირშია ნარკოტიკების რეალიზაციასთან, პედოფილური მასალის გავრცელებასთან და თაღლითობასთან. დუროვმა მესენჯერის ბაზიდან დანაშაულის დამამტკიცებელი შესაბამისი მასალების წარდგენაზე უარი თქვა.

დუროვისა და მისი ძმის მიერ შექმნილი აპლიკაცია Telegram ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. პროდუქტი პოზიციონირებს, როგორც ყველაზე დაცული მესენჯერი, რომლის მონაცემთა ბაზებთან წვდომა არავის აქვს. გარდა ამისა, სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Telegram არ ეწევა მომხმარებელთა მონაცემების კომერციულ ექსპლუატაციას. კომპანიამ პირობა დადო, რომ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას არასდროს გასცემს.

2023 წლის ინტერვიუში დუროვმა თქვა, რომ დაცული მესენჯერის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში მიმოწერის შემდეგ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა. 

დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, გამომგონებლის თქმით, მიზეზი რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლა გახდა, რომლებიც მას ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების გადმოცემას სთხოვდნენ. მოგვიანებით ბიზნესმენმა ჯერ გაერთიანებული არაბთა საემიროების, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

კომენტარები