24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებებზე ისაუბრა და თქვა, რომ მომავალში უკრაინა რუსეთში "ნებისმიერ წერტილს" დაარტყამს, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
"დამოუკიდებლობა [...] სამაგიეროს იხდის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებზეც იერიში კონტროლირებადი საჰაერო ბომბები და Кинжал-ებით მიაქვთ, ჩვენი მშობლებისთვის, რომლებიც გაჭაღარავდნენ და ჩვენ შვილებისთვის, რომლებიც იძულებულები არიან, იატაკქვეშ ისწავლონ. [...] ამიტომ ჩვენი მტერიც გაიგებს როგორია სამაგიეროს გადახდის უკრაინული გზა. ღირებული, სიმეტრიული და შორი მანძილის. ადრე თუ გვიან გაიგებენ, რომ უკრაინის პასუხი რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ წერტილს მიაღწევს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის საფრთხეს წარმოადგენს". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უკრაინის ქმედებები "ბუმერანგს" შეადარა და აღნიშნა, რომ აგრესია რუსეთმა დაიწყო, ხოლო უკრაინის ზომები თავდაცვითია და მის საპასუხოდ არის მიმართული.
"უკრაინელები ვალებს მუდამ აბრუნებენ. და ის, ვინც ჩვენს მიწას უბედურებას უსურვებდა, ამას საკუთარ სახლში მიიღებს. პროცენტებით. მას, ვისაც ჩვენს მიწაზე ბოროტების თესვა სურს, ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს წინასწარმეტყველება არაა, არც სხვისი უბედურების გახარება, არც ბრმა შურისძიება, ეს არის კანონზომიერება. სამართლიანობა. ბუმერანგი ბოროტებისთვის...
დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე იუბილეს აღვნიშნავთ. და ის, რაც ჩვენს მიწაზე მტერს მოჰქონდა, ახლა მას სახლში დაუბრუნდა. და ის, ვისაც სურდა ჩვენი მიწები ბუფერულ ზონად ექცია, უნდა ფიქრობდეს, რომ საკუთარი ქვეყანა არ გადაიქცეს ბუფერულ ფედერაციად". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ რუსეთისა და უკრაინის მმართველობას შორის სხვაობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ უკრაინული ჯარი კურსკის მოსახლეობას წყალს, საკვებსა და წამლებს აწვდის, რისთვისაც ადგილობრივები მათ პუტინის რეჟიმზე უკეთ აფასებენ.
"მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ აწვდიან წყალს, საკვებსა და წამალს ჩვენი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ამბობს: „კარგია, რომ ახლა აქ თქვენ ხართ და არა კადიროვიტები“. ასე გამოიყურება უკრაინის ღირსება. ცივილურობა. ჩვენი დამოუკიდებლობის სიქველე". - თქვა ზელენსკიმ.





