რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-მ ომში რუსეთის ხელშეწყობისთვის სანქციები 400-მდე პირსა და ორგანიზაციას დაუწესა

Twitter

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გააფართოვა და უკრაინასთან ომში რუსეთის ხელშეწყობისთვის დაახლოებით 400 პირსა და ორგანიზაციას ფინანსური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს ხაზინამ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციათა სამიზნეები რუსეთის შიგნით და მის გარეთ იმყოფებიან. სანქციები, მათ შორის, ჩინურ ფირმებს შეეხება, რომლებიც მოსკოვს დასავლეთის სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.

სანქცირებულ ჩინურ ფირმებში შედის ისინი, რომლებიც რუსეთში სამანქანო ნაწილებისა და მიკროელექტრონიკის გადაზიდვაში მონაწილეობენ. სამიზნეებს შორის არის Dalian Machine Tool Group-ი, რომელმაც, სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს $4 მილიონის ღირებულების ორმაგი დანიშნულების საქონელი მიჰყიდა. 

აშშ-ს ხაზინა ასევე წერს, რომ სანქციებს საერთაშორისო ქსელებს უწესებს, რომლებიც რუსეთს საბრძოლო მასალით ამარაგებენ და რუს ოლიგარქებს სანქციებისთვის თავის არიდებასა და ოქროს გათეთრებაში ხელს უწყობენ. 

"რუსეთმა თავისი ეკონომიკა კრემლის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სასარგებლო ხელსაწყოდ აქცია. [...] მსოფლიოს გარშემო კომპანიებმა, საფინანსო დაწესებულებებმა და მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელს რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული მიწოდების ჯაჭვებს არ უწყობენ". - თქვა აშშ-ს ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეიემომ განცხადების თანახმად. 

გარდა ამისა, სანქციები რუსეთის ენერგეტიკის სექტორს, ფინანსურ სექტორსა და უძრავი ქონების გამქირავებელ ფირმებსაც შეეხო. 

აშშ-ს ხაზინამ სანქციები თურქეთის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფირმებზეც დააწესა, რომლებიც, მათი თქმით, რუსეთის ენერგეტიკის სფეროში ეხმარებიან. 

"დღევანდელი ქმედებები რუსეთს არტყამს იქ, სადაც სტკივა - ასუსტებს მის უნარს, ენერგეტიკული პროექტებით შემოსავალი გამოიმუშაოს და აფერხებს მის მიერ მასალის მოპოვებას, რომელსაც საომარი მანქანისთვის იყენებს". - თქვა აარონ ფორსბერგმა, სახდეპის დირექტორმა ეკონომიკური სანქციების პოლიტიკისა და შემუშავების საკითხებში. 

20 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ აშშ უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდამჭერ ჩინურ ორგანიზაციებზე ახალ სანქციების დაწესებას აპირებდა და მიანიშნა, რომ ეს ბანკებს შეიძლება შეხებოდა.

მანამდე, 9-11 ივლისს ვაშინგტონში NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელზეც ალიანსის 32-მა წევრმა ჩინეთის კრიტიკის შემცველ კომუნიკეს მხარი დაუჭრია.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის უკრაინაში ომის საწარმოებლად საჭირო რესურსებით მიწოდებაში "საკვანძო" როლს ასრულებს. 

კომენტარები