21 აგვისტოს რუსეთში მრავალ სხვადასხვა სოციალურ ქსელში მასშტაბური გათიშვა მოხდა. მოსკოვის დროით 14:00-დან რუსეთში ხარვეზულად მუშაობდა Telegram-ი, WhatsApp-ი, Skype-ი, Discord-ი, ВКонтакте, ასევე ზოგიერთი ვებგვერდი, როგორიცაა ვიკიპედია და ვიდეოთამაშების პლატფორმა Steam-ი. გავრცელდა ცნობებიც, რომ გაუმართავად მუშაობენ მობილური კავშირების პროვაიდერები, მათ შორის როსტელეკომი.
თავდაპირველად აპლიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები Telegram-ისა და WhatsApp-ის მომხმარებლებმა შენიშნეს. Telegram-ი, Downdetector-ის ცნობით, არ მუშაობს რუსეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში. ტელეგრამის მომხმარებლები ამბობენ, რომ აპლიკაცია რუსეთში მხოლოდ VPN-ის დახმარებით იხსნება.
რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza ხაზს უსვამს, რომ გასულ დღეს, 20 აგვისტოს ტელეგრამ-არხი BAZA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ცდილობდა, როცა ეს უკანასკნელი ბაქოში იმყოფებოდა. BAZA-ს ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე უარი თქვა. რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში 18-19 აგვისტოს იმყოფებოდა. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.
კავშირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მარეგულირებელი რუსული ორგანო როსკომნადზორის მტკიცებით, გათიშვა DSoS თავდასხმის გამო მოხდა. ორგანოში ირწმუნებიან, რომ 15:00-ისთვის თავდასხმა მოიგერიეს და სოციალურმა ქსელებმა და ვებგვერდებმა მუშაობა აღადგინეს.
თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად დამოუკიდებელი რუსული პროექტი Агентство წერს, რომ ინტერნეტსერვისების შეზღუდვა ხელისუფლების მიერ ბლოკირებას ჰგავს.
"ასეთი რამ ძირითად მაშინ ხდება, როცა ისინი (რედ. მთავრობა) რთავს ე.წ. "ანტიმესენჯერის რეჟიმს"... შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მოხდა, თუმცა, ამჯერად, ფედერალურ დონეზე." - თქვა Агентство-სთან ინტერნეტის დაცვის საზოგადოების დირექტორმა, მიხაილ კლიმარევმა.
მისივე თქმით, ასეთი შეფერხებები მოხდა დაღესტანში ჩატარებული რეიდების დროს, ასევე იაკუტიასა და ბაშკირეთში მიმდინარე დემონსტრაციების პარალელურად.
Privacy Accelerator-ის დამფუძნებელი და როსკომსვობოდის ტექნიკური დირექტორის, სტანისლავ შაკიროვის თქმით კი, როსკომნადზორი "ტელეგრამის ბლოკირებას ცდილობს".





