პარტია გახარია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.
მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს საგამოძიებო უწყებაში "პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით" შეტანილი განცხადების შესახებ დაიბარეს.
"პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს". - წერს მეზვრიშვილი.
11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პარტია გახარია-საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს "აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება" და პერსონალური როლი აქვს საქართველოში "ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში", რის გამოც, მეზვრიშვილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა.





