უკრაინის 225-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონის ცნობით, მათ რუსული არმიის ასეულის მეთაური ტყვედ აიყვანეს.
"ასეულის მეთაური, ტყვედ ჩავიგდეთ და მისი ასეულის გარეშე დავტოვეთ" - წერს 225 მოიერიშე ბატალიონი ტელეგრამ არხზე და რუსი მეთაურის ტყვედ აყვანის ვიდეოს აქვეყნებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.





