რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Суспільне: რუსეთში პოლკოვნიკმა 7 სამხედროს მოკვლისა და მათი ცხედრების დაწვის ბრძანება გასცა

Getty Images

უკრაინული გამოცემა Суспільне Новини-ის მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის, პოლკოვნიკ მარატ ოსპანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გამოცემის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ პოლკოვნიკი ოსპანოვის დავალებით, 2023 წლის 4 ივლისს შვიდი რუსი ჯარისკაცი УАЗ-ის ტიპის ავტომობილით ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონიდან დონეცკის სოფელ ბახმუტსკოეში გადაიყვანეს, სადაც, კერძო სახლის სარდაფში ჩაყვანის შემდეგ, ოსპანოვის თანამზრახველებმა სარდაფში, სულ მცირე, ხუთი F-1 ხელყუმბარა ააფეთქეს, გადარჩენილი სამხედროები დახოცეს და ბოლოს მათი ცხედრები დაწვეს.

რუსეთის ფედერაციის დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-6 მოტომსროლელი დივიზია 2022 წელს შეიქმნა და იგი ძირითადად მობილიზებული ჯარისკაცებისგან შემდგარ პოლკებს მოიცავს. 2023 წლის გაზაფხულზე, მე-6 დივიზიის სამხედროებმა ცუდ პირობებზე ჩივილი დაიწყეს, კერძოდ, ივნისის თვეში გავრცელდა 1307-ე პოლკის ჯარისკაცების ვიდეო, რომელშიც ისინი საკუთარ თავს "საზარბაზნე ხორცად" მოიხსენიებდნენ.

გამოძიების მიხედვით, 2023 წლის მაისში, როდესაც ჯარისკაცების მხრიდან უკმაყოფილება ცნობილი გახდა, პოლკოვნიკმა ოსპანოვმა მის დაქვემდებარებაში მყოფებს უბრძანა, ის სამხედროები დაეკავებინათ, რომლებმაც "სამხედრო დისციპლინა დაარღვიეს და ბრძანებების დამორჩილებაზე უარს ამბობდნენ".

"ოსპანოვმა, დაშინების მიზნით, და სურვილით, რომ არალეგალური გზით ბრძანებების მკაცრად შესრულებისთვის და სამხედრო დისციპლინის მხარდაჭერისთვის მიეღწია, შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც მის დაქვემდებარებაში მყოფ ახალწვეულებს მოიცავდა". - წერია გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.

შესაბამისად, ოსპანოვმა თავის მოადგილეს, პოლკოვნიკ სტანისლავ ივანისოვს, ჯარის ზედამხედველობა დაავალა, ხოლო პოლკოვნიკ ევგენი მალიშკოს იმ სამხედროების მოკვლის პასუხისმგებლობა დააკისრა, რომელთა "გამოსწორებაც" შეუძლებელი იყო.

მოპოვებული ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის საბაბით სამხედროების დაკავება 2023 წლის 11 მაისს დაიწყო და ჯამში ეს ზომები 19 რუს ჯარისკაცს შეეხო. გამოძიებით ირკვევა, რომ ყველა მათგანი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხანგრძლივობით ლუგანსკის რეგიონში მდებარე შენობების სარდაფებში იყო დამწყვდეული.

თუმცა, გამოძიების დაწყების შემდეგ, სამხედრო პროკურორებმა ამავე წლის სექტემბრის თვეში 11 მათგანი გამოუშვეს, ხოლო დანარჩენ 8-ზე ოსპანოვმა ჩათვალა, რომ მათი "გამოსწორება" შეუძლებელი იყო.

აღნიშნული რვა სამხედროდან მხოლოდ ერთი, ილია ბორისოვი გადარჩა, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დივიზიის ინსპექტირების შემდეგ, ბორისოვი ფრონტის ხაზზე გაგზავნეს, სადაც იგი დაიჭრა და საბოლოოდ საავადმყოფოში მოუწია გადაყვანა.

თავდაცვის სამინისტროს ინსპექტირების შემდეგ კი პოლკოვნიკმა ივანისოვმა დარჩენილი შვიდი სამხედრო სარდაფში დააბრუნა, სადაც მათი წამება მიმდინარეობდა. რუსი გამომძიებლების მიხედვით, სწორედ ეს გახდა ამ ჯარისკაცების დახოცვის მიზეზი: მათ არალეგალური დაპატიმრებისა და ცემის ფაქტების დამალვა სურდათ.

ამგვარად, ივლისის თვეში, ოსპანოვმა მალიშკოს უბრძანა, შვიდი სამხედრო ფრონტის ხაზთან მიეყვანა და მოეკლა. ბრძანების შესასრულებლად მალიშკომ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები დაიხმარა. 4 ივლისს მან სამხედროები УАЗ-ის "პატრიოტით" ბახმუტსკოეში გადაიყვანა, სარდაფიანი სახლი შეარჩია და სარდაფში ჩაყვანის შემდეგ ისინი, სულ მცირე, ხუთი F-1 ხელყუმბარით ააფეთქა. ამის შემდეგ, მალიშკოს ქვემდგომი, მაიორი ევგენი ბორისკინი სარდაფში ჩავიდა და გადარჩენილებს ესროლა. გამოძიების მიხედვით, მოგვიანებით მოკლული შვიდი ჯარისკაცის ცხედარი და УАЗ-ის ავტომობილი დაწვეს.

გამოცემა Суспільне-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მე-6 მოტომსროლელი დივიზიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, ესენია: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო პატიმრობა და მკვლელობა.

კომენტარები