არჩევნები 2024

კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

კოალიცია ძლიერმა საქართველომ საარჩევნო შტაბი გახსნა, რომელსაც დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს, ამის შესახებ კოალიციის წევრმა და პარტია ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"დღეს მინდა კიდევ ერთი ახალი სიახლე შეგატყობინოთ, როგორც ხედავთ, ჩვენ გადმოვედით ახალ ტერიტორიაზე, ახალ სივრცეში, რომელსაც ჰქვია ჩვენი საარჩევნო შტაბი და მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, ადამიანი, რომელსაც არასდროს, არცერთი კრიტიკული სიტუაციის დროს არ დაუფიქსირებია ნეიტრალური სიტუაცია, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ბრძოლის წინა ხაზზე, ძალიან სერიოზული პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი. მინდა, პირადად გადავუხადო მას მადლობა, რომ ამ ბრძოლაში ითავა, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მე მინდა, მივესალმოთ დათო გამყრელიძეს".- თქვა ხაზარაძემ. 

დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე იყო. ის პოლიტიკიდან 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდა, რადგან საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.

"მე ერთგული ვარ ჩემი სიტყვის, როგორც ყოველთვის. მე ვთქვი, რომ თუ პარტია ვერ გადალახავდა ბარიერს და პარლამენტში ვერ მოიხვდებოდა, პარტიის თავმჯდომარედ ვერ დავრჩებოდი.  ამიტომ ვტოვებ ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის პოსტს. ეს არის ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლა.’’-განაცხადა დავით გამყრელიძემ 2012 წლის 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები