საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

რუსეთი ბელგოროდის საზღვრისპირა რაიონიდან ევაკუაციას იწყებს

უკრაინელი სამხედრო სუმის ოლქში, კურსკის ოლქის საზღვრის მახლობლად, 2024 წლის 11 აგვისტო.
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა, რომ რეგიონის საზღვრისპირა რაიონი კრასნოიარუსჟკის რაიონიდან ევაკუაციას იწყებენ. მიზეზად მან საზღვრის მახლობლად უკრაინელი სამხედროების გადაადგილება დაასახელა.

"საგანგაშო დილა გვაქვს, მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვართან." – თქვა გლადკოვმა ვიდეომიმართვაში და დაამატა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის "უფრო უსაფრთხო ადგილზე" გადაყვანას იწყებს.

როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, კრასნოიარუჟსკის რაიონში მდებარე სოფელ კოლოტილოვკაზე უკრაინული ქვედანაყოფის თავდასხმის ცნობა Z ბლოგერებმა ჯერ კიდევ 11 აგვისტოს გაავრცელეს. გლადკოვი სოფლის მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილის დატოვებისკენ სამი დღით ადრე მოუწოდებდა.

კრასნოიარუჟსკის რაიონი ესაზღვრება კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონს, სადაც 11 აგვისტოს ღამეს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი შევიდა. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ირწმუნებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ ბელოვსკის რაიონში აღკვეთეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრის გარღვევის მცდელობა.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები