საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში რუსეთმა კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა

9 აგვისტოს კურსკის ოლქში განადგურებული რუსული კოლონა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ფონზე, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში მოსკოვმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა.

რუსეთის ოფიციალური უწყებების ირწმუნებიან, რომ უკრაინის მხრიდან "დივერსიულ-ტერორისტული საფრთხის დონე" გაიზარდა. კონტრტერორისტული რეჟიმი მოიცავს ფიზიკურ პირთა დოკუმენტების შემოწმებასა და მოსახლეობის დროებით ევაკუაციასაც.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები