რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ფიგურანტმა თემირლან ესკერხანოვმა შეწყალებისა და კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობს.
ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედიები, ТАСС და РИА Новости წერენ.
"ესკერხანოვმა 2024 წლის მარტში თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, შეიწყალეს, რის შემდეგაც კოლონიიდან გაათავისუფლეს. ის ერთ-ერთ საშტურმო ქვედანაყოფში წავიდა და ახლა სპეციალური საომარი ოპერაციის ზონაში საომარ დავალებებს ასრულებს. ყოფილ მსჯავრდებულთან კონტრაქტი ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს". - თქვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ТАСС-თან საუბრისას.
ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დააკავეს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.
ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.





