ესპანეთში მამაკაცის წინააღმდეგ, რომელმაც უძველესი, რამდენიმე ათასი წლით დათარიღებული გამოქვაბულის ნახატები წყლის შესხმით დააზიანა, საქმეა აღძრული.
39 წლის მამაკაცი წარმოშობით სამხრეთ ესპანეთიდანაა. მამაკაცმა ნახატებისთვის წყლის შესხმა უკეთესი ფოტოების გადასაღებად გადაწყვიტა. Guardia Civil-ის ცნობით, მან თავის სოციალურ ქსელში ატვირთა გამოქვაბულის ფოტოები, სადაც ნათლად ჩანდა კედლის დასველებული მოხატულობა.
დაზიანებული ნახატები ესპანეთის ეროვნული მემკვიდრეობის რეესტრშია დაცული. მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ისტორიული მემკვიდრეობის დასაზიანებლად ჩადენილი დანაშაულისთვის მიმდინარეობს.
Guardia Civil-ის ბუნების დაცვის სამსახურის (Seprona) ოფიცრებმა გამოძიება ფოტოების ინტერნეტში ნახვის შემდეგ, მაისში დაიწყეს.
"ფოტოებზე ჩანს, რომ გამოქვაბულის ნახატებზე წყალია დასხმული, რათა ნახატები უკეთ და უფრო მკაფიოდ გამოჩენილიყო ფოტოებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოქვაბულის მხატვრობა შესრულებულია კირქვაზე, რომელიც შეიცავს წყალში ხსნად მარილებს. Guardia Civil-ის ცნობით, როდესაც ნახატებს წყალი ხვდება, მარილები იხსნება და შემდეგ ზედაპირზე ამოდის, ხოლო წყლის აორთქლების შემდეგ ტოვებს ქერქს, რომელიც ნახატებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.





