რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მექსიკის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი ინაუგურაციას დაესწრება, არ დააკავებენ

Hector Vivas / Getty Images file

მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეზ-ობრადორმა უკრაინის ხელისუფლების თხოვნა უარყო და თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოქტომბერში მომდევნო პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება, მას არ დააკავებენ.

"ამას ვერ ვიზამთ. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის". - თქვა ლოპეზ-ობრადორმა.  

შეინბაუმის გუნდმა რუსეთის პრეზიდენტი ინაუგურაციაზე დაპატიჟა და აღნიშნა, რომ "დიპლომატიური ცნობა" ყველა ქვეყანას გაუგზავნეს, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.

მექსიკაში უკრაინის საელჩო თავის მოთხოვნაში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე მიუთითებდა.

"ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა და მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი არსებობს". - ეწერა უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

რუსეთისგან განსხვავებით მექსიკა ICC-ის წევრია.

მანამდე, 2023 წელს ICC-მ უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

კომენტარები