უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში საზღვრისპირა და საზღვრის მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიშები მიიტანა. ცნობები ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლიპეცკის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა "სირსკოეს" სამხედრო აეროდრომზე. თავად ოლქის გუბერნატორი საუბრობდა "ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაციაზე". მისივე ცნობით, დაშავდა 6 ადამიანი და დაზიანდა ენერგოობიექტი. დაშავებულთა რიცხვი შემდეგში 9-მდე გაიზარდა. მცირე ხნით ადრე აეროდრომის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაცია გამოცხადდა. ვრცელდება ცნობები, რომ დრონების მასობრივი თავდასხმების შემდეგ ლიპეცკის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო.
კურსკის ოლქის რილსკის რაიონში შეინიშნებოდა ხანძარი და ძლიერი აფეთქებები. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამ რაიონში, სოფელ ოქტიაბრსკოიეს მახლობლად HIMARS-ის რაკეტების დახმარებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი სამხედროების კოლონა გაანადგურეს. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს მანქანები, რომლებიც გზაზე იწვის.
დრონებით იერიში მიიტანეს ბელგოროდის ოლქზეც. დასახლება შებეკინოში დაზიანდა კორპუსი. ასევე, გავრცელებული ცნობებით, ბელგოროდში დრონებმა დააზიანეს სამხედრო-სარემონტო ცენტრი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეში ჩამოაგდეს 75 უპილოტო საფრენი აპარატი. მათი მტკიცებით, აქედან 26 უვნებელყვეს ბელგოროდის ოლქში, 19 - ლიპეცკის ოლქში, 7 - კურსკის ოლქში, 5 - ბრიანსკის ოლქში, 4 - ვორონეჟის ოლქში, 1 კი - ორიოლის ოლქში. ამას გარდა, ირწმუნებიან, რომ 5 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 8 კი - შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც, მათივე მტკიცებით, გაანადგურეს 7 უპილოტო კატერიც.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.