სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავზე ხელისუფლებას მიმართავს და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისათვის ზეწოლის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს.
"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად და ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისთვის" - ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიური შეიარაღებული მოქმედებების შეწყვეტის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი, თუ ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე განიცდის შევიწროებასა და ომის დამანგრეველ შედეგებს. მისივე თქმით, კვლავ მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც.
"განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა. ამ დრომდე დაუსჯელია 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება". - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
ლევან იოსელიანის თქმით, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ოკუპირებულ რეგიონებში ქართულ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა და ამ პრობლემის გამო რეგიონში სულ უფრო და უფრო იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. როგორც ომბუდსმენი წერს, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ქართულ ენაზე სწავლა შეძლონ, მშობლებს მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და მათი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყვანა უწევთ.
სახალხო დამცველი ეხმიანება ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ადამიანების უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციით გამოწვეულ უფლებათა დარღვევებსაც.
“კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, რაც ადგილობრივებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, აღნიშნული უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის პროცესად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს” - ნათქვამია განცხადებაში.
7 აგვისტოს 2008 წლის ომის შემდეგ 16 წელი გავიდა.