საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Olga Maltseva/AFP via Getty Images

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ოლეკსეი სმირნოვის ცნობით, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მისი თქმით, კურსკის რეგიონის საზღვრისპირა ტერიტორიებზე მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლეკსეი სმირნოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა. 

სმირნოვმა ასევე დაწერა, რომ იგი პირადად ხელმძღვანელობს კოორდინაციის პროცესს საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირებისთვის. მისი თქმით, ის მუდმივ კავშირშია სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი შტაბი მთელი დღე-ღამე მუშაობს. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს.

კომენტარები