აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი წიგნს გამოსცემს, სახელად გადაარჩინე ამერიკა (Save America). წიგნის ყიდვა მკითხველებს 3 სექტემბრიდან შეეძლებათ. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, TRUTH Social-ზე წერს.
როგორც წიგნის აღწერაშია ნათქვამი, წიგნში ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი იქნება მიმოხილული და "სავსე იქნება ტრამპის პირველი ადმინისტრაციის საკულტო მომენტებით".
"მდიდრულად ილუსტრირებული და ლამაზი დიზაინის გადაარჩინე ამერიკა მიმოიხილავს პრეზიდენტ ტრამპის მთავარ მიღწევებს, მათ შორის, უპრეცედენტო სავაჭრო მოლაპარაკებებს, გადასახადების შემცირებას, საერთაშორისო დიპლომატიას და სასაზღვრო უსაფრთხოებას. გამოსახულებებისა და კომენტარების ეს ნაზავი ნათლად ასახავს პრეზიდენტ ტრამპის სამომავლო ხედვას ჩვენი ქვეყნისთვის" - წერია წიგნის აღწერაში.
წიგნის ყდაზე ტრამპი იქნება გამოსახული. სურათი, რომელსაც ყდისთვის გამოიყენებენ, 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე წამის შემდეგაა გადაღებული.
ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან 2020 წლამდე იკავებდა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით წარდგება.
13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსმა მას ცეცხლი გაუხსნა. ტრამპი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა. დაიღუპა ექსპრეზიდენტის ერთი მხარდამჭერი. გაანეიტრალეს თავად თავდამსხმელიც.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი იქნება.





