რუსეთ-აფხაზეთი

რუსული კომპანია დე ფაქტო აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლებისგან 240 მილიონ რუბლს ითხოვს

yimg.com

რუსული კომპანია აერო მენეჯმენტი (ყოფილი სააქციო საზოგადოება დარტი) აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან 240 მილიონ რუბლს ითხოვს, რაც 2.8 მილიონ დოლარზე მეტია.

ტელეგრამის არხმა RESPUBLICA-მ კომპანიის გენერალური დირექტორის ფილიპ მიზონოვის წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატებიც არიან ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი და სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური დირექტორი ბ.კ. ჯენია.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის განხორციელების მიზნით დაიქირავეს და მასთან 2022 წელს ხელშეკრულება გააფორმეს. 

"ინვესტორმა კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ვალდებულებები და აეროპორტს მისცა 120 მილიონი რუბლის ოდენობის სესხი". - ნათქვამია დოკუმენტში.

ინვესტორი ამბობს, რომ "სესხის დავალიანების დაფარვისა და სააგენტოს საკომისიოს გადახდის" ვალდებულებები ჯერ არ შესრულებულა.

"უფრო მეტიც, აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით კომპანიას აღარ აქვს აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობის უფლება ამ პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო". - ნათქვამია დოკუმენტში.

ინვესტორი ითხოვს:

  • სესხის თანხის დაფარვას (120 მილიონი რუბლი);
  • სესხის პროცენტისა და დაგვიანებით გადახდის გამო ჯარიმების გადახდას, რომლის ოდენობაც 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით არის 18 718 164 რუბლი (პროცენტი) პლუს 2 270 793 რუბლი;
  • სააგენტოს მოსაკრებლის გადახდას 7.8 მილიონი რუბლის ოდენობით;
  • ხელშეკრულების დარღვევისთვის 20 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდას.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კომპანიის მოთხოვნებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 2022 წელს მედიამ გამოაქვეყნა დარტის გენერალური დირექტორის, დიმიტრი ნემოვის კომენტარი, რომელიც "აეროპორტის მშენებლობისთვის სამართლებლივ მომზადებაზე" საუბრობდა. 2023 წლის შემოდგომაზე კი ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი განახორციელებს, რომელიც რუსეთის შსს-ს ხელმძღვანელის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის საკუთრებაშია.

კომენტარები