ბელარუსი-ევროკავშირი

EU-მ ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებზე პასუხისმგებელ 28 პირს სანქციები დაუწესა

Shutterstock

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა და დამატებით 28 პირს შემზღუდავი ზომები დაუწესა. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი ამ პირების მიერ ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში მონაწილეობაა. 

ევროკავშირმა შემზღუდავი ზომები ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მთავარი დეპარტამენტის უფროსის ორი მოადგილის წინააღმდეგ მიიღო. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს დეპარტამენტი ერთ-ერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ბელარუსში პოლიტიკურ დევნაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების უკანონო დაპატიმრებაზე, არასათანადო მოპყრობასა და წამებაზე. 

"სანქცირებული პირების ჩამონათვალი ასევე მოიცავს ბელარუსის სასამართლოს სხვადასხვა წევრებს, კერძოდ იმ პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელი გამოიტანეს, მათ შორის, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც 2020 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ ან, უბრალოდ, მოსაზრებებს გამოხატავდნენ ლუკაშენკოს [ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის] რეჟიმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, შემზღუდავი ზომები დაწესებულია ზოგიერთი ციხისა და წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელების წინააღმდეგაც". - წერია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სანქციების სამიზნე არის ლუკაშენკოს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებიც, რომლებიც რეჟიმისგან სარგებელს იღებენ. ესენი არიან ბელარუსის უმსხვილესი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, BelTA-ს გენერალური დირექტორი, ირინა აკულოვიჩი; ტელეკომპანია СТВ-ს სატელევიზიო გადაცემა სენატის წამყვანი და ბელარუსის ეროვნული ასამბლეის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე, მიკიტა რაჩილოუსკი; ლუკაშენკოს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და BelTA-ს მეორე გენერალური დირექტორი, დმიტრი ჟუკი. 

"რეჟიმის ეს პროპაგანდისტები თავიანთი ნებით აწოდებენ ბელარუსის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას  ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების შესახებ, ავრცელებენ როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციას და ხელს უწყობდნენ სიძულვილის გავრცელებას დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ" - წერია განცხადებაში. 

ჯამში, ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 261 ფიზიკურ პირსა და 37 იურიდიულ პირს მოიცავს. 

სანქციების ფარგლებში, აღნიშნული პირების მფლობელობაში არსებული აქტივები გაყინულია, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს არ შეუძლიათ, გახადონ თავიანთი ფონდები ხელმისაწვდომი სანქცირებული პირებისთვის. ასევე, სანქცირებულ ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობაც. 

კომენტარები