მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის - ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ცნობით, პარასკევს, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის.

"სამუშაო საათები რომ ამოიწურა და უკვე წვდომა ჩემ შვილთან აღარავის ექნებოდა, მომდევნო დღეებიც შაბათ-კვირა იყო და აგრეთვე იქნებოდა სრულ იზოლაციაში, უცებ დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში, დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სასტუმროში, სასტუმროს უწოდებენ იმ ნაწილს, სადაც მერვე სართულზე მოათავსეს ადამიანი, აღმოჩნდა რომ ამ ახალ პირობებში ტელევიზორიც არ აქვს, თუმცა დაპირება იყო, რომ ყველაფერი იგივე უნდა ჰქონოდა, ემატებოდა კიდევ რაღაც სავარჯიშოები, ესეც ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა, მისი ჯანმრთელობისთვის. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო. მე გავიხედე იქ და იქ არც ეს სავარჯიშოები არ არის და, რაც მთავარია, ტელევიზიაც აღარ არის". - ამბობს სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

სააკაშვილის დედა და მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ მთავრობა წინასაარჩევნოდ სააკაშვილს საპატიმროში დააბრუნებს, ხოლო ახალ პალატაში სააკაშვილისთვის "სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა" და, "რაც ყველაზე მთავარია, არ არის ტელევიზორიც". 

"ჩვენი აზრით, არადაცული სიტუაციაა და, რაც ყველაზე მთავარია, წაართვეს ტელევიზორიც, ანუ ტელეარხებს ვეღარ უყურებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ჩვენ ეს არც გვიკვირს. ვფიქრობთ, რომ ისინი [მთავრობა] აპირებენ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, ერთი კვირის წინ რატი ბრეგაძემ გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ის უკეთესად გამოიყურება და ამიტომ უნდა გადაიყვანონ ციხეში და რატი ბრეგაძეს, პირველ რიგში, და, ზოგადად, ქართულ ოცნება მოვთხოვთ პასუხს, მან უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ არღვევს მუდმივად საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებებს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი აზრით, ძალიან არაუსაფრთხო გარემოა ახლა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, შეიძლება ითქვას სიცოცხლისთვისაც საფრთხის შემცველი იმიტომ, რომ ამ მთავრობისგან ყველაფერი მოსალოდნელია". - ამბობს სააკაშვილის მხარდამჭერი, მოძრაობა სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე. 

კომენტარები