უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიმდინარე კვირაში დიპლომატიური ვიზიტებით აფრიკის სამ ქვეყანას ეწვევა. ვიზიტების ძირითადი საკითხი უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერას შეეხება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კულება 4-8 აგვისტოს მალავის, ზამბიას და მავრიკის ეწვევა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში კულებასთვის აფრიკაში მეოთხე დიპლომატიური ტური იქნება.
"ყველა შეხვედრა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული. მთავარ თემებს შორის აფრიკის სახელმწიფოების უკრაინისა და მსოფლიოში სამართლიანი მშვიდობის აღდგენის გლობალურ ძალისხმევაში ჩართულობა იქნება". - წერს სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, კულება ტურის ფარგლებში ასევე რეგიონში უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას და აფრიკული კომპანიების უკრაინის რეკონსტრუქციაში ჩართულობას განიხილავს.





