უკრაინელებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები მიიტანეს. დარტყმები რამდენიმე საათი გრძელდებოდა. იერიშისთვის, სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დარტყმების ამსახველი ვიდეოები ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება.
ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა თავდაპირველად გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში ამოქმედდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. მალევე საკუთარ ტელეგრამ-არხზე მან გამოაქვეყნა გაფრთხილება სარაკეტო საფრთხის შესახებ.
რაზვოჟაევის მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს.
ტელეგრამ-არხი Кримский ветер-ი გამომწერებზე დაყრდნობით წერდა, რომ აფეთქებების ხმები სევასტოპოლიდან ბალაკლავამდე ისმოდა. მათივე ცნობით, აფეთქებების ხმები ისმოდა ანექსირებული ყირიმის სხვა ქალაქებშიც: საკიში, ევპატორიასა და სიმფეროპოლში.
რაზვოჟაევმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ სევასტოპოლში ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს ATACMS-ის რაკეტის ნაწილი დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა.
Кримский ветер-ის ცნობით, დაზიანდა რუსეთის შავი ზღვის ხომალდების სარემონტო მე-13 ქარხანა, რომელიც კილენის უბეში მდებარეობს. ამავე არხის ცნობით, ბალაკლავაში რუსული ჰსთ-ს პოზიციების მიდამოებში შეინიშნებოდა ხანძარი.
პარალელურად, გავრცელდა ცნობები დრონების თავდასხმებზეც. როგორც ტელგრამ-არხი BAZA წერს, ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა კრასნოდარის მხარეში მდებარე ელექტრო ქვესადგურზე, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინული დრონების თავდასხმები ორ რეგიონში მოიგერიეს. როგორც ირწმუნებიან, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჰსთ სისტემების გამოყენებით კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 4 კი - კრასნოდარის მხარეში.