საქართველო-რუსეთი

მატვიენკო: თუ საქართველოს მხრიდან დიალოგის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ

ვალენტინა მატვიენკო

რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს თქმით, მოსკოვი მზადაა, რომ თბილისთან დიალოგი პარლამენტების დონეზე მაინც დაიწყოს.

"თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, ჩვენ ახლაც მზად ვართ, იმის მიუხედავად, რომ არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობები. ამაში მდგომარეობს პარლამენტების მისია, სწორედ ამისთვის არიან არჩეულები." – თქვა მატვიენკომ.

მატვიენკოს თქმით, საქართველოს კურსს მომავალი არჩევნები გადაწყვეტს.

"სანამ ჩვენ კონტაქტი არ გვაქვს, ცხადია, ჩვენი ბრალი არაა, საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, ბევრი რაღაცის გადააზრება ხდება... ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია და, რა თქმა უნდა, ისინი... გადაწყვეტენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კურსის განვითარებას." - თქვა მატვიენკომ.

რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის მტკიცებით, დასავლეთი ამ პროცესში ერევა "ცნობილი სცენარებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით".

მატვიენკო არჩევნების შედეგებს ელოდება და ირწმუნება, რომ ქართველ ხალხს პატივს სცემენ.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი სიტუაციაა, აი, რუსეთში... როგორი პატივისცემაც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ, ისევ ისეთი გვაქვს. ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობრულია. ვნახოთ რით დასრულდება საარჩევნო კამპანია." - თქვა მატვიენკომ.

 

კომენტარები