ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი Instagram-ზე ე.წ. "სთორის" ავრცელებს კომპანია Adidas-ის სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც Adidas-მა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მასში ჰადიდის ჩართვისთვის კამპანიას კრიტიკა მოჰყვა.
ჰადიდის თქმით, "მე გაცნობიერებულად არასდროს დავიჭერდი საქმეს ისეთ ხელოვნების ნიმუშთან ან ნაშრომთან, რომელიც ნებისმიერი სახის საშინელ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული".
განცხადებაში მოდელი წერს, რომ მან, სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.
"შოკირებული, აღელვებული და იმედგაცრუებული ვარ იმ სენსიტიურობის ნაკლებობით, რომელიც კამპანიის წარმოებაში არსებობდა". - წერს ჰადიდი და აცხადებს, რომ მას ამის შესახებ უფრო ადრე რომ სცოდნოდა, იგი კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
განცხადებაში მოდელი ასევე წერს, რომ მას არანაირი ფორმის სიძულვილის არ სჯერა, მათ შორის ანტისემიტიზმისაც.
"მე ყოველთვის მხარში დავუდგები ჩემს პალესტინელ ხალხს და ასევე გავაგრძელებ ანტისემიტიზმისგან თავისუფალი მსოფლიოსთვის მხარდაჭერას. ანტისემიტიზმს პალესტინელი ხალხის გათავისუფლებაში ადგილი არ აქვს". - წერს ბელა ჰადიდი.

Adidas-მა ჰადიდი იმ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჩართო, რომელიც პირველად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოუშვეს, რასაც მოგვიანებით ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან სარეკლამო კამპანიის კრიტიკა მოჰყვა:
"გამოიცანით ვინ არის მათი [Adidas-ის] კამპანიის სახე? ბელა ჰადიდი, მოდელი, რომელსაც ანტისემიტიზმის გავრცელებისა და ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებების ისტორია აქვს". - განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა ანგარიშმა X-ზე.
კრიტიკის შემდეგ Adidas-მა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, სარეკლამო კამპანია შეწყვიტა და NBC News-თან საუბრისას დაადასტურა, რომ დარჩენილ სარეკლამო კამპანიასაც "გადახედავდნენ". თუმცა, მოგვიანებით, კომპანია Adidas-მა ბოდიში ბელა ჰადიდსაც მოუხადა.
-
ისრაელის კრიტიკის შემდეგ, Adidas-მა რეკლამაში ბელა ჰადიდის ჩართვისთვის ბოდიში მოიხადა
-
Adidas-ი ჰადიდს ბოდიშს უხდის მას შემდეგ, რაც მისი მონაწილეობით სარეკლამო კამპანია შეაჩერეს
მომდევნო დღეს TMZ-იმ გაავრცელა ცნობა, რომ Adidas-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ჰადიდმა იურიდიული მრჩეველი და ადვოკატები დაიქირავა. ტაბლოიდის ინფორმაციით, ამერიკელისუპერმოდელი სასამართლოში Adidas-ის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად ემზადება.
TMZ-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ბელა შეშფოთებულია, რადგან Adidas-მა თავისი კამპანიით იგი მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ 1972 წლის ტრაგედიას დაუკავშირა, რაც ბელას შეხედულებებს ეწინააღმდეგება. სუპერმოდელის თქმით, კამპანია "სასტიკი და დამაზიანებელი" იყო.
ცნობისთვის, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 პალესტინელმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება შავ სექტემბერთან იყვნენ დაკავშირებული, მიუნხენში ისრაელელი ოლიმპიური ათლეტები მძევლად აიყვანეს და სანაცვლოდ ისრაელისა და გერმანიის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. გერმანიის პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ტერორისტებმა 11 ისრაელელი ათლეტი და ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლეს.