ვლადიმირ პუტინი აფრთხილებს აშშ-ს, რომ თუ ვაშინგტონი 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის რაკეტებს განათავსებს, რუსეთი საპასუხოდ მსგავსი ტიპის რაკეტებს დასავლეთზე იერიშის მისატანად საჭირო მანძილზე განათავსებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ამ ნაბიჯით ცივი ომის მსგავსი სარაკეტო კრიზის გამოწვევის რისკს ქმნის.
28 ივლისს, სანკ-პეტერბურგში რუსეთის, ჩინეთის, ალჟირისა და ინდოეთის მეზღვაურების წინაშე გამოსვლისას წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს მიმართა და უთხრა, რომ რაკეტების ევროპაში განთავსებით ის ცივი ომის სარაკეტო კრიზისის განმეორების საფრთხეს ქმნის.
"ჩვენი ტერიტორიების მიმართულებით გაშვებულ ამ რაკეტებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა ბირთვული ქობინებით იყოს აღჭურვილი, სამიზნემდე მიღწევა 10 წუთში შეუძლიათ.
ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ აშშ-ს ქმედებებისა და ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მისი მომხრეების გათვალისწინებით". - თქვა გამოსვლისას პუტინმა.
პუტინის თქმით, აშშ-მ დანიასა და ფილიპინებს Typhon-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გადასცა და თავისი ნაბიჯებით სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. მან ასევე აშშ-ს გადაწყვეტილებას NATO-ს მიერ 1979 წელს დასავლეთ ევროპაში Pershin II-ის ტიპის სარაკეტო სისტემის განთავსებას შეადარა, რითაც კიდევ ერთი პარალელი გაავლო ცივ ომთან.
"ეს სიტუაცია ცივი ომის მოვლენებს მოგვაგონებს, როდესაც აშშ-მ ევროპაში ამერიკული საშუალო რადიუსის Pershin II-ის რაკეტები განალაგა". - თქვა მან.
10 ივლისს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ 2026 წლიდან აშშ დაიწყებს გერმანიის ტერიტორიაზე შორი მანძილის მქონე შეიარაღების "ეპიზოდურ" განთავსებას. Deutsche Welle ხაზს უსვამდა, რომ გერმანიაში ცივი ომის შემდეგ პირველად განათავსებენ დიდი რადიუსის მქონე რაკეტებს, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიამდე მიღწევა შეეძლებათ. აშშ-ს მსგავსი იარაღი ევროპაში 1980-იანი წლების შემდეგ არ განუთავსებია.
ბერლინისა და ვაშინგტონის თქმით, აშშ უფრო გრძელვადიანი გეგმებისთვის ემზადება, რაც გულისხმობს SM-6-ს ტიპის, Tomahawk-ის ტიპის საკრუიზო რაკეტებისა და განვითარებად ჰიპერბგერით იარაღს, რომლებსაც ბევრად დიდი დარტყმის დიაპაზონი აქვთ ვიდრე ევროპის ამჟამინდელ სისტემებს, ევროპაში განლაგებას.
აშშ-ს მიერ შორი მანძილის რაკეტების ევროპაში განთავსების გეგმების პასუხად კრემლში ამბობენ, რომ ამ შეიარაღების შეკავების საშუალება გააჩნიათ, თუმცა პოტენციური მსხვერპლი გახდება იმ სახელმწიფოების დედაქალაქები, სადაც ეს იარაღები იქნება განთავსებული. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
ივნისის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა საშუალოდ და მცირე მანძილის რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს და შესაძლოა მიიღოს აშშ-ს წინააღმდეგ მათი სხვადასხვა რეგიონებში განთავსების გადაწყვეტილება.