აშშ-ს მოქალაქე, ტედ ჯონასი, რომელსაც რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა სცემა, სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
გადაწყვეტილება დღეს, 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
როგორც რადიო თავისუფლებას ჯონასის ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ უთხრა, აშშ-ს მოქალაქის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატის ინფორმაციით, ჯონასი გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება "უსამართლო და უკანონოა" და საქმეში მის წინააღმდეგ "არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ დევს".
„ტედი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იყო და მე ვახლდი მას. მას მერე ჩვენგან გამოითხოვეს მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა, რაც გადავეცით. გარდა ამისა, გადავეცით ფორმა 100 და სხვა სამედიცინო მასალა, რომლებიც ადასტურებენ ტედისადმი მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებას, მაგრამ მას მერე რეაგირება არ ჰქონიათ. სასამართლომ კი არც მოისურვა ამაზე რაიმე განმარტებების მოსმენა, განაცხადა, მე არ მეხებაო“ - რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით, თქვა სანდრო ბარამიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 23 ივლისს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, რომელსაც 14 მაისს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა ასევე სცემა და დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
ქაცარავას წინააღმდეგ საქმე იმავე, 166-ე და 173-ე მუხლებით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.