ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, უკრაინის საგარეო სამქეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინელ კოლეგა ვან ისთან შეხვედრის დროს თქვა, რომ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
"უკრაინული მხარე მზადაა რუსულ მხარესთან დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები უნდა იყოს გონივრული და საფუძვლიანი, რომელიც მიმართული იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად." - წერია ჩინეთის საგარე სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინას ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყება განცხადებაში ირწმუნება, კულებამ შეხვედრის დროს თქვა, რომ უკრაინამ "ყურადღებით შეისწავლა" ჩინეთისა და ბრაზილიის მიერ 2024 წლის მაისში წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, "იმაზე მეტ ხანს, ვიდრე იგეგმებოდა", როგორც სააგენტოს უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა უთხრა.
დმიტრო კულება ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 23 ივლისს ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კულება ჩინეთს ეწვია. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი არის უკრაინის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ჩინეთში ჩავიდა.
ივნისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ კიევმა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შესაძლოა აწარმოოს, თუმცა, მხოლოდ შუამავლების მეშვეობით. მაგალითად მან მოიყვანა მარცვლეულთან დაკავშირებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც შეთანხმება არა პირდაპირ რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან დადეს, ამ უკანასკნელებმა კი მოსკოვთან მოლაპარაკების პასუხისმგებლობა აიღეს.
14 ივნისს ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ რუსეთი მზად იქნება ცეცხლის შეწყვეტისთვის, მხოლოდ შემდეგი ნაბიჯების შემთხვევაში: თუ უკრაინა სრულად გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და ოფიციალურად უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამას გარდა, პუტინის პირობებით, რუსეთს დასავლეთმა სანქციები უნდა მოუხსნას.





