გერმანიაში, ქალაქ ბრაუნშვეიგის მაცხოვრებელმა, 22 წლის იონასმა პოლიციას კანაფის მოპარული ძირის დაბრუნება სთხოვა.
ახალგაზრდა კანაფის 3 ძირს საკუთარი სახლის ტერასაზე ზრდიდა. მისმა მეგობარმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ძირი გაქრა. როგორც აღმოჩნდა, იონას ქოთანში GPS მოწყობილობა ჰქონდა დამალული, რომლის დახმარებითაც ქურდის ადგილსამყოფელს მიაგნო და პოლიციას მიმართა.
პოლიციამ იონასის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლოსგან ჩხრეკის ორდერი მიიღო და მითითებულ მისამართზე ქოთანი იპოვა.
კანაფის ქურდობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ახალგაზრდა კაცია, თუ რა ზომებს მიმართავს პოლიცია მის წინააღმდეგ უცნობია. იონასის თქმით, მცენარეს მხოლოდ რამდენიმე ფოთოლი აქვს მოჭრილი.
2024 წლის 1 აპრილიდან გერმანიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის კანაფის კულტივაციასა და მოხმარებას არ კრძალავს.