ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის ქორწილი

ჯასტინ ბიბერს ამბანის ქორწილში სიმღერისთვის $10 მილიონი გადაუხადეს

justinbieber/Instagram

გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, ჯასტინ ბიბერს აზიის ყველაზე მდიდარი კაცის, მუკეშ ამბანის შვილის წინასაქორწილო, დახურულ ღონისძიებაზე გამართული კონცერტისთვის 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს. 

ბიბერი მუმბაიში პარასკევს, 5 ივლისს საკუთარი კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და ღონისძიებაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ყველაზე პოპულარული საავტორო სიმღერები შეასრულა. 

კანადელმა პოპ-სტარმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე როგორც ღონისძიების სურათები და ვიდეოები, ისე წყვილთან, ანანტ ამბანისთან და რადიკა მერჩანტთან ერთად გადაღებული სურათებიც გამოაქვეყნა.

ანანტ ამბანის მამა, მუკეშ ამბანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი ყველაზე მსხვილი კონგლომერატის Reliance Industries მფლობელია და მისი ქონების ღირებულება დაახლოებით 120 მილიარდ დოლარს შეადგენს. 29 წლის ანანტი Reliance Industries-ში ენერგიის ბიზნესს წარმართავს. 

რაც შეეხება ანანტის საცოლეს, რადიკა მერჩანტიც ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ოჯახიდანაა. მისი მამა - ვირენ მერჩანტი მილიონერია და მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას ფლობს. 

წყვილი 2023 წლის იანვარში დაინიშნა.

2024 წლის მარტიდან ამბანის ოჯახმა 3 წინასაქორწილო ღონისძიება გამართა. 1-ელ მარტს ინდოეთის ქალაქ ჯამნაგარში გამართულ პირველ წინასაქორწინო ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ ბილ გეითსი, მარკ ზაკერბერგი და შვედეთის, კატარისა და კანადის ყოფილი და მოქმედი პრემიერმინისტრები. მთავარ კონცერტზე სტუმრების წინაშე რიანა წარდგა

29 მაისს, მეორე ღონისძიებაზე, რომელიც პალერმოში, საკრუიზო გემზე გაიმართა, The Backstreet Boys-მა, ქეითი ფერიმ და პიტბულმა იმღერეს. 

5 ივლისს, მესამე წინასაქორწინო ღონისძიებაზე კი მთავარი შემსრულებელი ჯასტინ ბიბერი იყო. 

ქორწილის მთავარი ცერემონია 2024 წლის 12-14 ივლისს შედგება.

კომენტარები