თაღლითობა

მერია: ყალბი ანგარიშებით კალაძეზე დეზინფორმაცია ვრცელდება, ამ საიტებზე არ გადახვიდეთ

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ყალბი ანგარიშების მიერ კახა კალაძის შესახებ ბოლო დღეებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშნულ თაღლითურ საიტებზე არ შევიდნენ. მერიაში სრული პასუხისმგებლობით ამბობენ, რომ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა“ და საიტების საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია  დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები. მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის  მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმოთ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან". - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბოლო დროს ყალბი ანგარიშები ტაბულას ლოგოს გამოყენებით თაღლითურ კამპანიას აწარმოებენ და ყურადღების მიმქცევი, ცრუ სათაურებით ცდილობენ, მომხმარებლები თაღლითურ ვებგვერდზე გადაიყვანონ.
 

კომენტარები