შოთა სირაძე

TI: ქუთაისის სააპელაციოს მოსამართლე შოთა სირაძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე
Shota Siradze/Facebook

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე, 2024 წლის დეკლარაციაში მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მალავს.

"დარღვევა I: დაუდეკლარირებელი ქონება - შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება:

  • 873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ქალაქ ხობში.
  • 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში.
  • 5498 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.
  • 2785 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.

ამასთან, მან დეკლარაციაში არ ასახა მეუღლის, ეკა ლატარიას, შემდეგი უძრავი ქონება:

  • 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში. 
  • ორი მცირე ფართი (9.88 კვ.მ. და 13.43 კვ.მ.) ქალაქ ხობში.

შოთა სირაძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა დედის, მზია სირაძის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:

  • 3150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.

დარღვევა II: დაუდეკლარირებელი ხელფასი - შოთა სირაძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მოსამართლის მანდატით მიღებული წლიური შემოსავალი. აღნიშნული მან არც 2023 წლის დეკლარაციაში მიუთითა.

დარღვევა III: დაუდეკლარირებელი ბიზნეს წილები - შოთა სირაძის მეუღლე ეკა ლატარია შპს "კატე გლობალის" 100%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია, რაც დეკლარაციაში არასრულად, მეწილეობის გამოტოვებით არის მითითებული. 

ამასთან, ლატარია შპს "გლობალ ოილის" მეწილე და სპს "ბერაია და კომპანია სპს"-ის თანადამაარსებელი და დირექტორია. შპს გლობალ ოილის დირექტორმა გელა ხუნწარიამ ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 30 000 და 15 000 ლარი შესწირა". - წერს TI.

ორგანიზაციის ინფორმაციით, იმის გამო, რომ საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, შოთა სირაძე, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, ანტიკორუფციულ ბიუროს მის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევების შესასწავლად მიმართავენ.

შოთა სირაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა.

კომენტარები