უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრის პავლო ფროლოვის ცნობით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც რუსეთის მოქმედებებს უკრაინაში გენოციდად ცნობს. ინფორმაციას ტელეგრამზე უკრაინის უმაღლესი რადის ოფიციალური არხი ავრცელებს.
"ბუქარესტის საზაფხულო სესიის პირველ დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას გმობს და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ ქმედებებს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს.
დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციას, როგორც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებელ წინაპირობას.
რეზოლუცია ეუთოს 53 წევრ ქვეყანას მოუწოდებს, ერთობლივი ძალისხმევით მხარი დაუჭირონ სამშვიდობო ფორმულასა და ყირიმის პლატფორმას ყირიმისა და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის; შექმნან სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის ფედერაციის სასამართლო დევნის დასაწყებად უკრაინასთან აგრესიულ ომში ჩადენილი დანაშაულების გამო; ჩაატარონ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა გამოძიება რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ მასობრივ სისასტიკეებზე, მათ შორის, მკვლელობა, გაუპატიურება და სხვა დანაშაულები". - წერს უკრაინის უმაღლესი რადა ტელეგრამ-არხზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე წლიური სესია ბუქარესტში 29 ივნისს დაიწყო და 3 ივლისს დამთავრდება. სესიაზე განხილვის თემა რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, საგარეო პოლიტიკა, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ტრეფიკინგი და სხვა საკითხები იქნება.
ასამბლეა საბოლოო დეკლარაციას 3 ივლისს, სესიის ბოლო დღეს მიიღებს.