ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

REUTERS/Dado Ruvic

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო. სანქციების სამიზნე რუსული ეკონომიკის მაღალი ღირებულების სექტორებია, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა. ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მიღებული ზომები კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების გვერდით ავლას.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, "სანქციათა მე-14 პაკეტი წარმოადგენს [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] ერთობას უკრაინის მხარდასაჭერად და ძალისხმევას, შეიზღუდოს რუსეთის კრიმინალური ქმედებები უკრაინელების წინააღმდეგ, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდების მცდელობები". 

სანქციათა პაკეტი მოიცავს შემზღუდავ ზომებს დამატებით 116 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირგამომთხრელ საქმიანობაში.

პაკეტი ითვალისწინებს სექტორულ შეზღუდვებსაც, როგორებიცაა რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის გადატვირთვის აკრძალვა ევროკავშირის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით; რუსეთის მიერ სანქციების გვერდით ავლის პრევენციული ზომები; იმპორტისა და ექსპორტის შეზღუდვები რუსულ ინდუსტრიულ პროდუქტებზე და ისეთ, მათ შორის, ჩინურ, თურქულ, ყაზახურ, ყირგიზულ, არაბულ კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირ უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინასთან ომში და სამხედრო ტექნოლოგიებით ამარაგებენ რუსულ არმიას.

შეიზღუდება პარტიების, ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედია-საშუალებების მიერ რუსული დაფინანსების მიღებაც; აიკრძალება SWIFT-ის რუსული ანალოგის, რუსეთის ცენტრალური ბანკის სერვისის "ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის" (SPFS) გამოყენება. 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-13 პაკეტი ამავე წლის 23 თებერვალს მიიღო

კომენტარები