16 ივნისს ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ინგლისისა და სერბეთის მატჩზე სერბმა გულშემატკივრებმა რუსეთის დროშა ააფრიალეს. UEFA-ს ცნობით, მათი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეცდებიან, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღკვეთონ და რუსეთის დროშები სტადიონებზე არ მოხვდეს. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 17 ივნისს მიუნხენში უკრაინასა და რუმინეთს შორის გასამართ მატჩს.
რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს და რუსულ კლუბებს UEFA-მ თავის ტურნირებზე მონაწილეობა 2022 წელს აუკრძალა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გერმანიის წარმომადგენლებმა მედიასთან აღნიშნეს, რომ თავდაპირველად სურდათ, სტადიონებზე მხოლოდ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დროშები დაეშვათ. გავრცელებული ინფორმაციით, UEFA ასევე ცდილობს, სტადიონებზე აირიდოს ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებული დროშები და პოლიტიკური შინაარსის პლაკატები.