საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

GFF: მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფედერაციის ღირსებით ორდენის დაჯილდოების საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერმინისტრის წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით გამოქვეყნდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თქმით, მიუღებელია გუნდის წევრების და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

"ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე". - წერია განცხადებაში.


გუშინ, 16 ივნისს, თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა მათი კოლეგები გამოტოვეს". 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულების შესახებ გაკეთებულ კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და მას პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა უწოდება.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა.

კომენტარები