რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტებმა 10-წლიანი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი, პარიზი, 7 ივნისი
REUTERS/Elizabeth Frantz/File Photo

აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10-წლიანი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

იტალიაში მიმდინარე G7-ის სამიტზე ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს აშშ-ს მომავალი ადმინისტრაციების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გარანტირებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

"ეს ისტორიული დღეა. ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. ჩვენი მიზანია ხანგრძლივ ვადაში უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა". - აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ G7-ის უკანასკნელი და საერთო ჯამში მე-17 ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან მსგავს შეთანხმებას ხელი მოაწერა. რამდენიმე საათით ადრე უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმება იაპონიამაც გააფორმა.

"აშშ გეგმავს დაეხმაროს უკრაინას, თუმცა, არა ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნით, არამედ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებით, დაზვერვის გაზიარების გაფართოებით, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებით".- თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მათ შორის, შეთანხმება F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს და სხვა იარაღს მოიცავს.

გარდა ამისა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, სამიტის ფარგლებში მან ჩინეთის ხელისუფლებისგან პირობა მიიღო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს იარაღს არ მიაწვდიან.

"სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის ლიდერთან. მან მითხრა, რომ რუსეთს არანაირ იარაღს არ მიაწვდიდა. ვნახოთ, თუ წესიერი ადამიანია, არ მიაწვდის. იმიტომ, რომ მან სიტყვა მომცა". - დაამატა ზელენსკიმ.

კომენტარები