ლარის კურსი

თურნავა ლარის გაუფასურებას "არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს" უწოდებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლარის კურსთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ყველაფერი არის ჯანსაღი და კეთილსაიმედო". თურნავა TV იმედის ეტერში ამბობს, რომ ბოლო კვირებში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნეგატიურმა მოლოდინებმა გამოიწვია, "რომელიც განვითარდა სხვადასხვა არასწორი ინფორმაციის, ანგაჟირებული ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებების, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე". მისი შეფასებით, საფუძვლიანი და სიმართლე არის ის, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არ განაპირობებს ლარის გაუფასურებას.

"პირიქით, ბოლო 12 თვეზე მეტია, საკმაოდ მყარია ლარი, საკმაოდ სტაბილურია ფინანსური ბაზარი და ამას შეეჩვია ჩვენი ბიზნესი, შეეჩვია მოსახლეობა და, ცხადია, გარკვეულ წუხილს იწვევს ახლა ეს მერყეობები, რაც ბოლო დროს ხდება.

მაგრამ როგორც მოგახსენეთ, შემოდინების თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, იმ პროგნოზების თვალსაზრისით, რასაც ჩვენი პარტნიორები და დონორები აკეთებენ ჩვენთან მიმართებით, არაფერი არ მიუთითებს იმისკენ, რომ ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრის  მონაწილეები - ბიზნესი, საფინანსო სექტორი სწრაფად ხვდება და არჩევს ერთმანეთისგან ცრუ და სერიოზულ ინფორმაციას, ხედავენ, რომ ეს არის მაინც არაფრიდან წარმოქმნილი აჟიოტაჟი, რომელიც, რა თქმა უნდა, აუარესებს მოლოდინებს, მაგრამ არ მატერიალიზდება ეს რისკები, შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ახლო პერიოდში კვლავაც დასტაბილურდეს ბაზარი" - ამბობს თურნავა.

იქვე, როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, იმისთვის, რომ აჟიოტაჟური მოვლენები ასეთ ძლიერ ემოციურ რეაქციას არ იწვევდეს და არასწორი მოლოდინები არ გავრცელდეს ბაზარზე, ეროვნული ბანკი ვალდებულია, დროდადრო ჩაერიოს.

"ის, რომ ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში ვავსებდით რეზერვებს, ვყიდულობდით ვალუტას, გვაძლევს სრულ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ, განვახორციელოთ ინტერვენცია, გავყიდოთ გარკვეული რაოდენობის დოლარი ბაზარზე და ამით მოვხსნათ აჟიოტაჟი და ხელი შევუწყოთ სტაბილიზაციას.

ამ ეტაპზე არანაირი სერიოზული ფუნდამენტური ფაქტორი არ ჩანს, რომელიც გრძელ ვადაში გააუარესებდა მოლოდინებს ლარის კურსთან დაკავშირებით, ასევე, სავალუტო შემოდინებები ჩვენს ბაზარზე მხოლოდ დამაიმედებელ სურათს გვაძლევს, რაც შეეხება ამ დროებით აჟიოტაჟს, ეს მოიხსნება, რადგან ყველა დაინახავს, რომ არაფერი საფუძველი ამ განცხადებებს არ აქვს" - თქვა თურნავამ იმედი LIVE-ს ეთერში.

რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან 18-18 თეთრით გაუფასურდა.

ამავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის სავალუტო რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები