რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 ივნისს გერმანია გააფრთხილა, რომ უკრაინის მიერ მისი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება "საშიშ ნაბიჯს" წარმოადგენს და დაიმუქრა, რომ მოსკოვს შეუძლია დასავლურ სამიზნეებზე თავდასხმისთვის შორი დისტანციის იარაღი სხვა ქვეყნებს მიაწოდოს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს ესაუბრა.
"ჩვენ ვფიქრობთ, თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია ასეთი შეიარაღების მიწოდება საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩვენს ტერიტორიაზე იერიშების მისატანად და ჩვენთვის პრობლემებს ქმნის, მაშინ რატომ არ გვაქვს ჩვენ უფლება, რომ ამავე კლასის ჩვენი იარაღი მივაწოდოთ მსოფლიოს იმ რეგიონებს, რომლებიც იერიშებს მიიტანენ იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, ვინც ამას რუსეთთან მიმართებით აკეთებს. ანუ, პასუხი შეიძლება იყოს სიმეტრიული. ჩვენ ამაზე დავფიქრდებით." – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, დასავლეთის თანხმობა უკრაინის მიერ მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას და შეიძლება გამოიწვიოს "ძალიან სერიოზულ პრობლემები".
"ეს ნიშნავს მათ პირდაპირ მონაწილეობას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ იმავე გზით." – თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ თუ გერმანულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებენ, ეს ბერლინთან მოსკოვის ურთიერთობებს გააფუჭებს.
"ახლა თუ ისინი გამოიყენებენ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დასარტყმელად, ეს სრულად გააფუჭებს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს". - თქვა მან.
30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება მისცა.
31 მაისს, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე იერიშის მისატანად მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას მხარი დაუჭირა ასევე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
- უკრაინას შეუძლია, ჩვენი იარაღი ხარკოვთან, რუსეთის შიგნით გამოიყენოს – შოლცის სპიკერი
- POLITICO: აშშ-მ უკრაინას ხარკოვთან, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა
ოთხშაბათს, 5 ივნისს დასავლელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და ამერიკელმა სენატორმა ანონიმურობის პირობით Associated Press-ს უთხრეს, რომ კიევმა უკვე გამოიყენა ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით თავდასხმისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახლად დამტკიცებული მითითების საფუძველზე, რომელიც უფლებას აძლევს უკრაინას, ამერიკული იარაღი სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს.





