რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

შოლცი პუტინს: NATO-ს ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ ინჩს დავიცავთ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
Michele Tantussi/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 2 მაისს აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ NATO-ს გადაწყვეტილება აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერების შესახებ რუსეთის შესაკავებლადაა მიღებული და რომ ალიანსი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცვას.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ლიტვის პრემიერი, ინგრიდა შიმონიტეც ესწრებოდა, შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ რუსეთის საზღვართან, ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ძალების გაძლიერების საქმეში წამყვანი როლი შეასრულა.

"იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობადია, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი შენაერთები განგველაგებინა, მომავალში კი გვსურს მთელი ბრიგადა განვალაგოთ. [...]

უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა დავანახოთ რუსეთს: ჩვენ მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული ინჩი თავდასხმებისგან". - თქვა შოლცმა.

მანვე დასძინა, რომ დიპლომატია წარმატებული იქნება, თუ მას ძლიერის პოზიციიდან აწარმოებ და ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის ქვეყნებს სრულად ჰქონდეთ NATO-ს იმედი რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე კვირის დასაწყისში NATO-ს წევრი სახელმწიფოები გააფრთხილა, არ მისცენ უკრაინას უფლება, მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ.

 

30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება მისცა.

31 მაისს, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამიზნეებზე იერიშის მისატანად მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას მხარი დაუჭირა ასევე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები