თბილისის მერია

მერია: წერეთლის დატბორვა სანიაღვრეებთან თავმოყრილმა ფოთლებმა, ტოტებმა, შლამმა გამოიწვია

კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან

თბილისის მერია საკუთარ გვერდზე თბილისში უხვნალექიანობასთან, სეტყვასთან და გრიგალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული მეტეოროლოგიური მოვლენა განეკუთვნებოდა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას".

"უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში." – წერს მერია.

მერიის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, თბილისში რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე, ხოლო გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე გრიგალის მიერ ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა საკომუნიკაციო ხაზები, რომელთა აღდგენაც დაიწყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების აღდგენა თითქმის დასრულებულია.

თბილისის მერიის განცხადებაში განსაკუთრებით გაესვა ხაზი აკაკი წერეთლის გამზირის მონაკვეთების დატბორვას, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. უწყების განმარტებით, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა წყლის ნაკადის ადიდება გამოიწვია სანიაღვრეების ცხაურებთან მოგროვებულმა "დასეტყვილმა ფოთლებმა და ტოტებმა, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებმა და შლამმა".

"სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა მუშაობს გამართულად. წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით." – წერს მერია.

როგორც მერიის ოფიციალურ გვერდზე წერია, "მას  შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა".

უწყების ცნობით, პრობლემურ ადგილებზე მიმდინარეობს მერიის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მუშაობა.

კომენტარები