რუსული კანონი

OSCE/ODIHR რუსულ კანონზე: შეუსაბამოა საერთაშორისო კანონმდებლობასთან, უნდა გაუქმდეს

REUTERS/Irakli Gedenidze

რუსულ კანონთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ის უნდა გაუქმდეს.

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დღევანდელი დასკვნის მიხედვით, საქართველოს ახლად დამტკიცებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს.

დღეს ODIHR-მა ახლად გამოქვეყნებულ სამართლებრივ ანალიზში თქვა, რომ კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიებს, მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების გამო, განსაზღვრავს როგორც "ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ უცხო ძალის ინტერესებს", არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.

ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომლებსაც იხსენიებენ საქართველოში ახალ კანონთან დაკავშირებით. მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ხელისუფლების სახელით ადვოკატირებაში ან ლობირებაში უშუალოდ მონაწილეობენ, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ისინი ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას უცხოეთის წარმომადგენელს არ უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.

ODIHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ნაკლებად ინტრუზიული ალტერნატივების მაგალითები შეიძლება იყოს ლობისტური საქმიანობის რეგულირება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრი წესები და ანტიკორუფციული ან ანტიტერორისტული კანონები, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამართლებულია ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, ისინი არ უნდა იყოს მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე ან არ უნდა იყოს ნავარაუდევი, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს, უცხო ძალების ინტერესებს წარმოადგენს.

ODIHR-ი კვლავ მზადაა გაუწიოს შემდგომი დახმარება და დაეხმაროს ხელისუფლებას საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივების იდენტიფიცირებაში, რათა გადაიჭრას ნამდვილი, კონკრეტული პრობლემები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად". - წერია ეუთო/ოდირის განცხადებაში.

28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.​​​​​​

რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავრცელეს ერთობლივი განცხადება და რუსული კანონის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

30 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ისინი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები